ფესტივალის მესამე დღეს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ფოკუსს საოჯახო შრომით მიგრაციაზე გადავიტანთ. საღამო დაიხურება დისკუსიით საოჯახო შრომაში ჩართული ქალების გამოცდილების შესახებ. 

13:00

შავკანიანი გოგონა

უსმან სემბენე (1966, 65' - სენეგალი, საფრანგეთი)

ახალგაზრდა სენეგალელი ქალი საფრანგეთში გადადის მდიდარ თეთრკანიან ოჯახში სამუშაოდ და აღმოაჩენს, რომ მათ პატარა ბინაში ცხოვრება მისთვის ციხედ იქცევა, როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით.

14:10

დისკუსია "ზრუნვა საზღვრებს მიღმა: მიგრანტი საოჯახო მშრომელი ქალების ხმა ეკრანიდან"

ლიკა გლურჯიძე, ალექსანდრე გაბელაია

ახალგაზრდა სენეგალელი ქალის ისტორია ავლენს მიგრაციის პირობებში ქალთა საშინაო შრომის უხილავ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ მხარეს. აჩვენებს, როგორ ყალიბდება ეს შრომა რასობრივი უთანასწორობით, იზოლაციითა და ძალაუფლების დისბალანსით. მთავარი გმირის უკეთესი ცხოვრების იმედები ექსპლუატაციისა და დეჰუმანიზაციის პირობებში თანდათან ინგრევა, რითიც იკვეთება, რომ ზრუნვის შრომა მიგრანტი ქალებისთვის ერთდროულად არის როგორც ეკონომიკური გადარჩენის საშუალება, ისე ღრმა დაუცველობის და ჩაგვრის სივრცე. ფილმის “შავი გოგონა” ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელიც შეეხება მიგრანტი ქალების უხილავ და დაუფასებელ ზრუნვის შრომას. უსმან სემბენეს ნამუშევარზე დაყრდნობით ვისაუბრებთ რასობრივი, გენდერული და კლასობრივი უთანასწორობის გადაკვეთაზე, ძალაუფლების დისბალანსსა და მიგრაციის „ოცნებასა“ და რეალობას შორის წინააღმდეგობაზე. დისკუსია ასევე შეეხება იმას, რამდენად აქტუალურია ფილმში წამოჭრილი საკითხები დღევანდელ სოციალურ და შრომით კონტექსტში. ასევე მნიშვნელოვანია პერსპექტივა, რომ კინოს შეუძლია ხილული გახადოს ადამიანის არსებობა და მისი შრომა. ამ შემთხვევაში კონკრეტულად საშინაო ზრუნვის შრომა - ხშირად დაუფასებელი, უხილავი, ექსპლუატაციის ველში მოქცეული სიყვარულის სახელით. ემიგრანტი მშრომელი ქალის ხმას ეკრანიდან თუ სიჩუმეს, უამრავი სხვა მშრომელის ექო ახლავს. კინო, როგორც ადამიანის არსებობის მტკიცებულება და სოლიდარობის იმპულსების გაცვლის სივრცეც იქნება განხილული.

შესავალი და დისკუსიის მონაწილეები კინოს მკვლევრები: ლიკა გლურჯიძე, ალექსანდრე გაბელია.

15:00

ზრუნვა

იაგოდა ტლოკი (2023, 13', დიდი ბრიტანეთი)

ზრუნვით შრომაში ჩართული ორი ქალი; კერძო სააგენტოს მფარველობაში მყოფი ადამიანებისთვის საჭირო ზრუნვის მიწოდების მცდელობისას, იმედგაცრუებული ახალგაზრდა იმიგრანტი და გამოცდილი მაგრამ გაღიზიანებ

15:15

ქცევის კოდექსი

იაგოდა ტლოკი (2025, 12', დიდი ბრიტანეთი)

მირა, რეგისტრატორად მომუშავე პოლონელი ქალი, თავდადებული თანამშრომელია. ის ბევრს შრომობს, რათა ავიდეს კორპორატიულ კიბეზე და გამოირჩეოდეს სხვა იმიგრანტებისგან, რომლებიც დაბალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობენ. როდესაც საწყობიდან საწმენდი საშუალებები იწყებს გაქრობას, მირას ერთგულება მისი დამსაქმებლის მიმართ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

15:30

სპირალისებრი

ლამია ჩრაიბი (2024, 28' - კანადა)

დიალოგი ბეირუთსა და ხუთ ქალს შორის, რომლებიც კაფალას სისტემის ფარგლებში მომუშავე მიგრანტი შინამოსამსახურეები არიან.

17:00

საზღვარგარეთ

სუნგ-ა იუნი (2019, 90' - ბელგია საფრანტეთი)

ფილიპინებში, ქალები საზღვარგარეთ შინამოსამსახურეებად ან ძიძებად სამუშაოდ მიდიან. საზღვარგარეთ მოახლედ მუშაობისთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ სასწავლო ცენტრში, სტაჟიორთა ჯგუფი როლური თამაშების მეშვეობით ემზადება როგორც გარდაუვალ ნოსტალგიასთან, ასევე შესაძლო ძალადობასთან გასამკლავებლად.

19:00

დისკუსია: “ზრუნვის ფასი”

ზრუნვის და საოჯახო მშრომელების პროფკავშირი

ზრუნვის შრომა უხილავი შრომაა, რომელიც ქალებს პროფესიად გვექცა. სწორედ ქალობა ხდება მიზეზი მისი უხილავად დარჩენის დიასახლისობიდან ემიგრანტობამდე, მშობლობიდან ძიძობამდე, მომვლელობიდან ექთნობამდე. დღეს საქართველოში 17500 ოჯახში დასაქმებული მშრომელია. ემიგრაციაში ზრუნვის მშრომელების რაოდენობის სტატისტიკას სახელმწიფო არ აწარმოებს. მიგრანტი საოჯახო მშრომელები და საქართველოში დარჩენილი მათი ოჯახების დაცვა ამ დრომდე არ გამხდარა სახელმწიფოს ინტერესის საგანი.

როგორია ზრუნვის შრომა საქართველოში და ემიგრაციაში? რა გარემოებებს მივყავართ ემიგრაციის გადაწყვეტილებამდე? რა არის ემიგრაციის ფასი? საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირის წევრები ილაპარაკებენ გზაზე, რომელსაც გავდივართ.


დისკუსიის მონაწილეები:

თამუნა ჟიჟიაშვილი - ძიძა, ყოფილი ემიგრანტი, საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირის თანადამფუძნებელი;

ეკა მუშკუდიანი - ისტორიკოსი, ემიგრანტის შვილი, საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირის თანადამფუძნებელი;

ზიზი კალატოზიშვილი - მოხუცის მომვლელი, ყოფილი ემიგრანტი, საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირის წევრი;

ინა ჩარკვიანი - ზრუნვის შრომის მკვლევარი, საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირის თანადამფუძნებელი.