ფემინისტური ეთიკისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ ვინ და როგორ ახდენს ქალთა გამოცდილების დოკუმენტირებას და რეპრეზენტაციას. ამ კონტექსტში, გამოცდილების პოლიტიკა არის წინააღმდეგობა, რომელიც აზროვნების ჰეგემონიური ფორმების გადააზრებისა და მისგან გათავისუფლებისკენ არის მიმართული.
კინოს გადაღება, როგორც ფემინისტური წინააღმდეგობა - ფესტივალის “როზადან სიმონამდე” 2023 წლის გამოშვების მთავარი თემაა.
წლევანდელი კინოპროგრამა ფოკუსში აქცევს ქალი და არაბინარული რეჟისორების ნამუშევრებს, სადაც ავტორები საკუთარი და პროტაგონისტების გამოცდილების უნიკალურ რეპრეზენტაციას გვთავაზობენ.
ფესტივალის განმავლობაში, მონაწილე რეჟისორებთან და აუდიტორიასთან ერთად ვიმსჯელებთ ფილმის გადაღების, როგორც გამოცდილების დოკუმენტირების, ალტერნატიული მეხსიერების წარმოების, იდენტობის რეპრეზენტირების, დროსა და სივრცეში დაშორებულ ქალებს შორის დიალოგის შესახებ.
ეს შინაარსები განსაკუთრებით წინააღმდეგობრივი ხდება მოცემულ დომინანტურ წესრიგში, რომელიც პროგრესის, განვითარებისა და თავისუფლების სწორხაზოვან, აისტორიულ და ცარიელ მნიშვნელობებს გვთავაზობს.
წლევანდელ პროგრამას ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი წარმოგიდგენთ კამპანიის ფარგლებში “გადაკვეთის წერტილები - რატომ გვჭირდება ინტერსექციული ფემინიზმი?”
ფესტივალის ჩვენებები 3, 4 და 5 მარტს, კინოთეატრ ამირანის მესამე დარბაზში გაიმართება. ჩვენებების დასაწყისია 17:00 საათი.