ორმაგად “სხვები” და შეკავშირების გეოგრაფია
ფემინისტური ფილმების ფესტივალის „როზადან სიმონამდე“ 2026 წლის გამოშვების მთავარი გმირი მიგრანტია - თანამედროვე პოპულისტური პოლიტიკის ახალი სამიზნე.
სხვადასხვა იდეოლოგიური პერსპექტივა მიგრანტის ბრტყელ და შაბლონურ ხატს გვთავაზობს: გლობალური ულტრა-მემარჯვენე პოპულიზმი უმუშევრობის, ჯანდაცვის თუ კეთილდღეობის კრიზისზე პასუხისმგებლობას მას აკისრებს, მემარცხენე რეაქცია კი მიგრაციის მრავალშრიანობას ავიწროვებს და მიგრანტს ხშირად მხოლოდ გარემოების მსხვერპლად წარმოაჩენს. შედეგად მიგრაციის ანალიზში კლასის, რასის, გენდერის, სექსუალობის, აგენტობისა თუ აფექტის განზომილებები სრულიად უგულებელყოფილია ან შაბლონური ხატების ატრიბუტად წარმოდგენილი.
წლევანდელი ფესტივალის თემის მიგრაციაზე ფოკუსით, გვსურს, ამ პოპულისტური ნარატივების კრიტიკისა და საპასუხო სტრატეგიების წარმოსახვის სივრცე შევქმნათ.
შერჩეული პროგრამის მთავარი გმირები ქვიარი მიგრანტები და საოჯახო შრომაში ჩართული მიგრანტები არიან. მათ რეალობებს შორის საერთო თითქოს ცოტაა და პოლიტიკური არტიკულირების ველშიც ეს ორი პროტაგონისტი ერთმანეთს იშვიათად ხვდება. ბევრი თანადროული მიზეზის გამო, წლევანდელ ფესტივალზე სწორედ ეს მოცემულობა გვინდა გამოვიტანოთ კრიტიკული განსჯის საგნად.
ქალებს და ქვიარებს, როგორც პატრიარქატის “სხვებს”, მიგრაციის კონტექსტი ორმაგ სხვად აქცევს. ამავდროულად, უფრო და უფრო ნათლად ვხედავთ, როგორ განუწყვეტლივ აწარმოებს ავტორიტარული რეჟიმი ახალი სხვების გამოგონების და დაქსაქსვის სტრატეგიას, ნეოლიბერალური რეჟიმი კი ცალ-ცალკე, სულაც ინდივიდუალურად ბრძოლის წარმატების ილუზიის შექმნით, არსებულ უთანასწორობას კიდევ უფრო აღრმავებს.
ამ მოცემულობაში გვჯერა, რომ გარდაუვალია რადიკალური ინტერსექციური ფემინიზმის საწყისებთან დაბრუნება, რათა უფრო ცხადად დავინახოთ ჩვენს სხვადყოფნებს შორის კავშირი და კოლექტიური ძალისხმევის პოტენციალი მჩაგვრელი რეჟიმების წინააღმდეგ.
„როზადან სიმონამდეს“ 2026 წლის პროგრამის კინოგმირები მიგრაციის მრავალფეროვან გამოცდილებებზე გვიყვებიან: ვიღაც ემზადება ან გზაშია, ვიღაც ახლახან ჩავიდა, ზოგმა ნახევარი ცხოვრება იქ/აქ გაატარა, ვიღაც უკვე თაობებით მიგრანტია. მათი ფიქრები, განწყობა და მიზნებიც მრავალფეროვანია: ადგილები, კავშირები, გაწყვეტილი, გამძაფრებული, უკან მოტოვებული, წინ მომლოდინე, შიშები, სიხარულები, სინანულები, „არაფერს ვნანობ“-ები, სამშობლოები და „უსამშობლოები“, საზღვრების შეზღუდულობა, საზღვრების ილუზორულობა, გამოცვლილი ან ვერდავიწყებული მოქალაქეობა, იდენტობის ტრანსფორმაცია, იდენტობების შერწყმა…
* წლევანდელი ფესტივალი ზრუნვის და საოჯახო მშრომელების პროფკავშირთან თანამშრომლობით შედგება. მესამე დღის პროგრამას სწორად ისინი წარადგენენ და ფესტივალს პანელური დისკუსიით დახურავენ.